დეკანოზიშვილის მარანში, ჩვენ ვქმნით განსხვავებულ ღვინოს, რომელიც ახლებური ხედვით, საქართველოს უძველეს მეღვინეობის ისტორიას ყვება.შთამომავლობით მეღვინემ, გიორგი დეკანოზიშვილმა, წინა თაობების საქმე განაგრძო, თუმცა წინაპრებისგან დამოუკიდებლად, საკუთარ მარანსაც ჩაუყარა საფუძველი და დეკანოზიშვილის მარნის ისტორიის ათვლაც 2015 წლიდან დაიწყო. მარანი საქართველოს მეღვინეობის შუაგულში, კახეთში, საგარეჯოში მდებარეობს, გარშემორტყმული ცივ-გომბორის ქედითა და საგვარეულო ვენახებით. გიორგის თავიდანვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ჰქონდა, მას სურდა შეექმნა განსხვავებული ღვინო - ტრადიციული ღვინო კახური მუხტით, თუმცა ამავდროულად, ელეგანტური და დახვეწილი. ამ ხედვითა და ჩანაფიქრით დაიბადა დეკანოზიშვილის 2016 წლის სადებიუტო ღვინო, რომელიც ჩვვენი ტრადიციული ქვევრის და იტალიური აპასიმენტოს ჰარმონიულ ნაზავს განასახიერებს. „დეკანოზიშვილის წითელი, ჩვენი მიწის, ჰაერის, ყურძნის და მასზე მზრუნველი ხელების ანარეკლია. დეკანოზიშვილის მარანში, გვჯერა, რომ ღვინო ჩვენი წარსული და მომავალია, თითოეული ბოთლი ჩვენს ტრადიციაზე და სიახლეების ძიებაზე ამბავს გადმოგვცემს. სიყვარულით გიზიარებთ ჩვენს ნაშრომს და იმედი გვაქვს თქვენც ისიამოვნებთ და მოგეწონებათ“ - გიორგი დეკანოზიშვილი.
ჩვენი ღვინო
დეკანოზიშვილის მარანის ფილოსოფია განსხვავებული ღვინის შექმნაა. ამიტომ, ჩვენ ღვინოს ორი მეთოდის, ქართული ქვევრის და იტალიური აპასიმენტოს შერევით ვაყენებთ და ასე ვქმნით ტრადიციულ ღვინოს ახლებური ხელწერით.
ჩვენი ფლაგმანი ღვინო, „დეკანოზიშვილის წითელი“, სამი განსხვავებული ყურძნის, საფერავის, შავკაპიტოსა და ოცხანური საფერეს კუპაჟით კეთდება. ჩვენს ვენახებში, თითოეული მათგანი განსაკუთრებული მზრუნველობით, ხელით იკრიფება. სამივე ყურძენი კარგად გამოხატავს თოხლიაურის ტერუარს და უნიკალურ ხასიათს აძლევს ღვინოს. ამ ტრიოში, საფერავი ღვინის მთავარი ხერხემალია, ის ინტენსიურობას და მძლავრ სტრუქტურას სძენს ღვინოს, ასევე პასუხისმგებელია მუქ ფერსა და შავი ხილის არომატებზე. შავკაპიტო ხავერდოვან ტანინებს და დელიკატუობას ჰმატებს, ხოლო ოცხანური საფერე კი ცოცხალი მჟავიანობით ამდიდრებს ღვინოს.
„დეკანოზიშვილის წითელის“ დაღვინების გზა ასეთია: იტალიური აპასიმენტოს ინსპირაციით, ჩვენ ყურძენს ვკრეფთ და განსაკუთრებულ პირობებში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშრობთ/ვაქიშმიშებთ, რათა შაქრის და არომატების მაქსიმალური კონცენტრაცია გადმოვიტანოთ ღვინოში, რომელიც მას მეტ სიღრმეს და კომპლექსურობას შესძენს. დუღილის პროცესი, ტრადიციული მეთოდით ქვევრებში მიმდინარეობს, სამივე ყურძენი ქვევრებში იწურება და ღვინდება. დაახლოებით ექვსი თვე ვაყოვნებთ ქვევრში კანთან ერთად, რაც მეტ ტანინს და ინტენსიურ არომატებს სძენს ღვინოს და შემდგომ უკვე შვიდი თვის განმავლობაში სხვა ქვევრებში გადაგვაქვს დასვენებისა და ჰარმონიზაციისთვის.
ქვევრის მერე, „დეკანოზიშვილის წითელი“, 18 თვის განმავლობაში ფრანგულ და ამერიკულ, სხვადასხვა ასაკის და გამოწვის მუხის კასრებში ვარგდება, რაც ღვინოს უფრო დახვეწილს ხდის და სანელებლების, ვანილისა და სიგარის ტონებს აძლევს. შემდეგ უკვე იწყება სკურპულოზური შერევა/ბლენდინგის პროცესი და ბოთლებში ჩამოსხმა. „დეკანოზიშვილის წითელი“ ბოთლებში განაგრძობს დავარგებას და მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ გამოდის ბაზარზე.
„დაკანოზიშვილის წითელში“, საბოლოოდ გვხვდება შავი ხილის, კენკრის, ქლიავის და ლეღვის ჩირის, სანელებლების, კაკლის და თამბაქოს არომატები. ტექსტურა ხავერდოვანი აქვს, დაბოლოება კი ხანგრძლივი და სასიამოვნო. იდეალურად იცავს ბალანსს სავსე სხეულსა და ელეგანტურობას შორის.
DEKANOZISHVILI WINERY
შემოიხედე მარანში
ჩვენ ვენახი
ჩვენი ვენახები ისტორიულ კახეთში, საგარეჯოში, მანავის მიკროზონაში, სოფელ თოხლიაურშია გაშენებული, ცივ-გომბორის ქედის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 650 მეტრზე. ჩვენი მიწა, კახეთის უძველესი გეოლოგიური მოზაიკის ნაწილია, სადაც ძირითადად გვხვდება ალუვიურ-კარბონატული და თიხნარი ნიადაგები. სწორედ ეს შერეული და მრავალფეროვანი ნიადაგები, რეგიონის კონტინენტურ კლიმატთან ერთად, განაპირობებს ჩვენი ტერუარის უნიკალურობას, ყურძნის გამორჩეულ სტრუქტურას და არომატების კომპლექსურობას.
ჩვენი ვენახები სხვადასხვა ასაკისაა: საფერავის ვენახების საშუალო ასაკი ოცი წელია, ხოლო შავკაპიტო და ოცხანური საფერე შედარებით ახალგაზრდა ნარგავებია, რადგან ისინი სპეციალურად ამ ღვინისთვის შეირჩა.
გვეამაყება, რომ ნახევარ ჰექტარზე, გასულ საუკუნეში წინაპრების გაშენებული საფერავის ვენახიც შემოვინახეთ, რომლიც მცირე მოსავალსაც დეკანოზიშვილის წითელსაც ვაწურავთ და გვჯერა, რომ ჩვენი ღვინის განსაკუთრებულ ხასიათს ესეც განაპირობებს.
ვენახებზე მზრუნველობას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ვიყენებთ მაქსიმალურად დამზოგავ მოვლის მეთოდებს. “დეკანოზიშვილის წითლისთვის” განკუთვნილი ყურძენი ხელით იკრიფება და განსკუთრებულ გადარჩევას გადის.